ანა მიხელიძე ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სამართალში. 2023 წელს მან ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სპეციალიზაციით.
მისი პროფესიული და კვლევითი გამოცდილება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ევროპული ინტეგრაცია, სოციალური და შრომის პოლიტიკა, მომხმარებელთა უფლებები, და ენერგეტიკის პოლიტიკა. ანა მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში, პოლიტიკის საკონსულტაციო ორგანიზაცია „ეგერია სოლუშენს“-ში და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკისა და კვლევის ევროპულ ცენტრში (ვენა, ავსტრია).
ანა პროგრესული ფორუმის გუნდის წევრია 2022 წლიდან. იგი ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამისა და პროგრესული ფორუმის ერთობლივ პროექტში შრომის სამართლის კონსულტანტის როლში. ამ პროექტის ფარგლებში ანამ აქტიური მონაწილეობა მიიღო შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრის შექმნაში, რომელიც მიზნად ისახავდა შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებას. ანა უწევდა კონსულტაციებს როგორც შრომის ინსპექციის თანამშრომლებსა და შრომის ინსპექტორებს, ისე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შრომითი უფლებების საკითხებზე.
2024 წლიდან ანა არის "პროგრესული კვლევების ცენტრის" უმცროსი მკვლევარი. იგი მუშაობს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკასა და შრომით უფლებებზე. ამავდროულად, იგი უძღვება შრომის პოლიტიკის მოდულს "პროგრესული იდეების სკოლაში".