პროგრესული იდეების სკოლა
პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს პროგრესული ფორუმის ყველაზე ხანგრძლივ პროექტს, რომელიც მიმდინარეობს 2014 წლიდან. პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში, კერძოდ ახალგაზრდებში, პროგრესული პოლიტიკის დღისწესრიგის პოპულარიზაცია.
სკოლის ფარგლებში სესემინარო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული აქტივობებით. პროცესი მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება უკეთ გამოხატონ საკუთარი აზრი და აითვისონ მიღებული ცოდნა. თითოეული სემინარი ფასდება როგორც პროექტის გუნდის, ასევე მონაწილეების მხრიდან და შეფასებების საფუძველზე იგეგმება შესაბამისი ცვლილებები.
პროგრესული იდეების სკოლის განვითარება წარმოადგენს პროგრესული ფორუმის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს. ორგანიზაცია აქტიუროდ აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან სკოლის მასშტაბის ზრდისა და ახალი მოდულების დამატების კუთხით.
პროექტის მთავარი პარტნიორი ფრიდრიხ ებერტის ფონდია, რომელიც სკოლის შექმნის დღიდან აქტიურადაა ჩართული მისი შემდგომი განვითარების პროცესში. სკოლის დონორებს შორის არის, ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრი (OPIC), პროგრესული კვლევების ევროპული ფონდი (FEPS) და მაქს ვან დერ შტოელის ფონდი (FMS).
2014 წლიდან სკოლამ განიცადა არაერთი ცვლილება როგორც შინაარსის, ასევე ფორმატის კუთხით. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა მონაწილეების შეფასებების მიხედვით და მიზნად ისახავდა პროექტის განვითარებას. დღეს სკოლა მოიცავს საბაზისო და ჩაღრმავებულ სასემინარო მოდულებს:
• სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები;
• ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები.
• სოციალური სახელმწიფო: თეორია და პრაქტიკა
სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები
საბაზისო მოდულის მიზანია ახალგაზრდებში სოციალ-დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია, ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ. მოდული მოიცავს შემდეგ თემატიკებს:
• სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
• სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
• სოციალ-დემოკრატიის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში;
• არჩევითი მოდულები: ფემინისტური პოლიტიკა, შრომის პოლიტიკა, მწვანე პოლიტიკა.
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები
მოდულის მიზანია ქალთა უფლებების მხარდაჭერა შემდეგ საკითხებზე სემინარის მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გზით:
• ქალთა მოძრაობების ისტორია;
• ფემინიზმი და განსხვავება მემარცხენე და ლიბერალურ ფემინიზმს შორის;
• ფემინისტური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა;
• თანამედროვე ფემინიზმის დღის წესრიგი;
• ფემინისტური პოლიტიკა საქართველოში.
სოციალური სახელმწიფო: თეორია და პრაქტიკა
ქართულ პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეში, სახელმწიფოს, ეკონომიკისა და მოქალაქეობის შესახებ წარმოდგენები ნეოლიბერალური იდეებითაა გამსჭვალული. ბაკალავრიატისა თუ მაგისტრატურის საფეხურზე, როგორც წესი, სტუდენტებს ამ იდეებს ერთადერთ ჭეშმარიტებად აწვდიან, რაც აღარ ტოვებს ადგილს ალტერნატიული მიდგომებისთვის. მიმდინარე და წარსული სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ასეთი მიკერძოებული გაგება ხელს უწყობს არსებული უთანასწორო სოციალური წესრიგის ლეგიტიმაციას. კურსი მიზნად ისახავს სახელწიფოსა და ეკონომიკის, სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთმიმართებების შესახებ ალტერნატიული ხედვების გაანალიზებას. კერძოდ, კურსის ფარგლებში, სტუდენტებთან ერთად განვიხილავთ სახელმწიფოსა და კაპიტალის ურთიერთკავშირის შესახებ კლასიკურ თეორიებს, კეთილდღეობის სახელმწიფოს არსს, კეთილდღეობის სახელმწიფოს წარმოშობის ისტორიასა და ევოლუციას, მის განსხვავებულ მოდელებსა და სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. გარდა ამისა, სემინარი დაეთმობა ნეოლიბერალური გლობალიზაციის კონტექსტში კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისზე მსჯელობას. კურსი ასევე დაეთმობა საქართველოში მოქმედ კეთილდღეობის ინსტიტუტებს, მათ შორის, შევეხებით ჯანდაცვის, შრომის, სოციალური დაცვისა და სხვა პოლიტიკებს. კურსს ექნება ინტერაქტიული ფორმატი, მონაწილეთა ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა დინამიური აქტივობებითა და დისკუსიებით (კითხვა-პასუხის სესიები, ჯგუფური სავარჯიშოებო, პრაქტიკული სიმულაციები და სხვა), რაც უზრუნველყოფს ცოცხალ და საინტერესო სასწავლო გარემოს ყველა მონაწილესთვის.