მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს სოციალური და პოლიტიკური მოძრაობები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად და მასთან სინქრონულად ვი- თარდებოდა და ქართული სოციალ-დემოკრატია საერთაშორისო ასპარეზზე მომძლავრებული სოციალისტური და სოციალ- დემოკრატიული მოძრაობების ორგანულ ნაწილადაც კი იქცა.
სოციალ-დემოკრატიის ქართული გააზრება, მისი იდეური ფორმირება და შემდგომი განვითარება თავისებურად უნიკალურია როგორც მაშინდელი რუსეთის იმპერიის ფარგლებში, ისე მთლიანად ევროპაში. თუმცა უნიკალურობას- თან ერთად ის ევროპული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მასთან ერთად ვითარდება. უფრო მეტიც, ქართველი სოციალ- დემოკრატები არა მარტო აქტიურად მონაწილეობენ იმპერიის ფარგლებში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ ბრძოლაში, არამედ მათი გავლენა სცდება იმპერიის ფარგლებს და ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაშიც თავისი წვლილი შეაქვს.
სამწუხაროდ, საქართველოს სოციალ-დემოკრატია და სოციალ- დემოკრატები საბჭოთა რეჟიმის მთავარ სამიზნედ იქცნენ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული მონდომებით ხორციელდებოდა მათი როლისა და დამსახურებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. როგორც ჩანს, თანასწორობისა და სამარ- თლიანობის პრინციპებისათვის ყალბი მებრძოლი ბოლშევიკებისათვის განსაკუთრებულ საფრთხეს საქართველოში სწორედ ხელისუფლებიდან მათ მიერ ძალადობრივად განდევნილი სოციალ- დემოკრატები, მათი იდეები და ქართული საზოგადოების მიმართ მათი დამსახურებები წარმოადგენდა.
საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ შექმნილ ბევრ სიყალბეს დიდწილად ფარდა აეხადა უკანასკნელ პერიოდში. ისტორიის მკვლევრების მიერ ბევრი მნიშვნელოვანი მასალა იქნა აღმოჩენილი და მრავალი ფაქტობრივი გარემოება იქნა დადგენილი. დღესდღეობით დაინტერესებულ პირს აქვს სრული შესაძლებლობა, გაეცნოს და ნათლად წარმოიდგინოს ის, თუ როგორ და რა ვითარებაში შეიქმნა და განვითარდა ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, გაეცნოს როგორც მათ პოლიტიკურ თეორიულ მსჯელობებსა და პოლიტიკური იდეების განვითარების პროცესს, ასევე გააანალიზოს, რამდენად შეძლეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა საკუთარი იდეების დანერგვა რეალურ ცხოვრებაში არასრული სამწლიანი მმართველობის პერიოდში.