5 ოქტომბერს საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით გაიმართა კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია „ღირსეული შრომის დღის წესრიგი - საჭიროებების შეფასება და გზამკვლევი.“
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის მთავარ ტექნიკური მრჩეველი კატალინ ტაკუ და სხვა სტუმრები.
ღირსეული შრომის დღის წესრიგი - საჭიროებების შეფასება და გზამკვლევი“ მომზადდა საქართველოს პროგრესული ფორუმის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
კვლევა მიზნად ისახავს შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. კვლევამ მოიცვა როგორც მოქმედი საკანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე სამაგიდო კვლევისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები.